გელათის სამონასტრო მშენებლობა 1106 წელს დაიწყო. დავიტ მეფე 1125 წელს გარდაცვალა როცა მშენებლობის დასრულებას თითქმის აღარაფერი აკლდა. მან თავის მემკვიდრეებს უანდერძა მისი დასრულება. " დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა და წამყვა მისთვისაც ტკივილი სამარადისო. აწ შვილმან ჩემმან მეფემან დიმიტრიმ სრულ ჰყოს ყოვლითურთ'' - წერს დავითი თავის ანდერძში. 1126 წელს მონასტრის მშენებლობა დაამთავრა დემეტრემ. მან ღვთისმშობლის ტაძარი მხატვრულად გააფორმებინა და აკურთხებინა.
XII-XIII საუკუნეებში გელათი ეკონომიურად და საგანმანათლებლო შემოქმედებითი ნაყოფიერებით განვითარების უმაღლეს დონეს აღწევს.
XV საუკუნეში გელათში მატერიალური თუ კულტურული ცხოვრება ქვეყნის საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური დაცემულობის გამო შენელებულია. როგორც ცნობილია ამ ხანაში საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ცვლილებები მოხდა - 1453 წელს თურქ-ოსმალებმა აიღეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი და გაანადგურეს უძველესი იმპერია. ამის შემდეგ საქართველოს, კულტურული ტრადიციების მქონე ბიზანტიის ნაცვლად, ჩამორჩენილი ოსმალეთი დაუმეზობლდა. ამან უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე. XV საუკუნეში საქართველო ცალკე პოლიტიკურ ერთეულებად დაიშალა და გელათი იმერეთის მეფეების საკუთრებად იქცა.
1510 წელს სამცხეზე გავლით ოსმალთა დიდი ჯარი სელიმის მეთაურობით დასავლეთ საქართველოს შემოესია. 23 ნოემბერს მტერმა მოაოხრა სოფლები და ქალაქი ქუთაისი, ცეცხლი წაუკიდა შესანიშნავ ბაგრატის ტაძარს და გელათს.
იმერეთის მეფეს ბაგრატ III ( 1510-1565 წწ). ამ ამბოხების გამო ფართო მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა გელათში. მონასტრის ნაგებობათა შორის აღდგენილ იქნა კარგა ხნის გაუქმებული წმ.გიორგის ეკლესია. მეფეს ასევე განუახლებია მონასტრის ახლომდებარე მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე საფუძვლამდე ყოფილა დანგრეული (ამჟამად მისი ადგილმდებარეობა უცნობია). ყოველივე ამ საქმიანობათა გამო ძველი წყაროები ბაგრატს გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებენ. XVI საუკუნის 20-იან წლებში ამავე ბაგრატს დაუარსებია გელათში საეპოსკოპოსო კათედრა.
XVI საუკუნის მეორე ნახევარში ბიჭვინთიდან(აფხაზეთი) გელათში ინაცვლებს დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენცია. კათალიკოსის აქეთ წამოსვლა გამოწვეული იყო ოსმალთა ხშირი შემოსევებით აფხაზეთში და ამ მხარის თანდათანობით გამუსლიმებით.
XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს კათალიკოსებს გელათის წმ.გიორგის ეკლესიასა და ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენში ასაფლავებდნენ.
XVII საუკუნის შუა წლებში, 1650-1651 წელს გელათის აკადემია უკვე აღარ არსებობდა.აკადემიის ყოფილ შენობაში ბერების სასადილო იყო მოწყობილი.
XVII საუკუნის მეორე ნახევარში გელათი დაქვეითებულა, რაც გამოწვეული იყო დასავლეთ საქართველოში ცენტრალური სამეფო ხელისუფლების დასუსტებით, გარეშე მტრის - ოსმალეთის ხშირი შემოსევით და ა.შ.
XVIII საუკუნეში ინტენსიურად მიმდინარეობს გელათის განახლება, ძველი გაუქმებული ეკვდრები ახალ მეფეთა საძვალეებად გადაიქცნენ. ხდება ძველი დაკარგული ყმა-მამულების დაბრუნება, ახალი შეწირვანი და ა.შ.
1759 წლის 10 აგვისტოს გელათს ლეკები დასხმიან და ცეცხლი წაუკიდებიათ ტაძრისთვის.
სოლომონ I (1751-1784 წწ.) ენერგიულად ზრუნავდა გელათის მეურნეობის აღსადგენად.
იმერეთის უკანასკნელ მეფეს სოლომონ II (1784-1810 წწ.) და გელათის უკანასკნელ ეპისკოპოსს ექვთიმეს აღუდგენიათ წმ. ნიკოლოზის გაუქმებული ეკლესია.
რუსეთთან იმერეთის შეერთების (1810წწ.) შემდეგ გელათის მონასტერი ფეოდალური სენიორიიდან საეკლესიო შტატის დაწესებულებად იქცა. რუსი ეგზარხოსის - თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმების ძალით, გელათის საეპისკოპოსო გაუქმდა და იმერეთის საეპისკოპოსოს შეუერთდა (1822წწ.).
გამოყენებული ლიტერატურა: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.
No comments:
Post a Comment