Wednesday, April 18, 2012

გელათი - ღვთისმშობლის დიდი ტაძარი

    გელათის ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარულ-გუმბათოვანი ტიპისაა და ითვლება შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშად. იგი აღმართულია შუა ადგილას. აგებულია დავით აღმაშენებლის მიერ 1106-1125 წლებში. ტაძარი დღემდე უცვლელად არის მოღწეული.
    შუა საუკუნეების საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი იყო ჯვარულ-გუმბათოვანი ტიპები. მთავარი ყურადღება ექცეოდა ტაძრის სივრცეს. ზომების გადიდებით არქიტექტორი ცდილობდა შეექმნა გრანდიოზულობის შთაბეჭდილება. საგრძნობლად შემცირებული იყო გუმბათის ყელის დიამეტრი, სიმაღლე კი გადიდებული. მთავარ ამოცანად იდგა შენობის გარეთა გაფორმება. შენობის გარეთა კედლები უფრო მდიდრულად იყო შემკობილი. შიგნითა მოხატულობა კი მხოლოდ საკურთხევლის მოზაიკით არ ამოიწურებოდა, სავალდებულო იყო კედლის მთლიანად მოხატვა და სხვა.
 
                                                                   გელათი                  

    ამ საერთო თვისებების მატარებელია გელათის ღვთისმშობლის ტაძარი.   ტაძრის გუმბათის ყელი ოთხ საყრდენზეა აღმართული და გააჩნია თექვსმეტი სარკმელი. გელათის ტაძარი თავისი დროის ძეგლებთან შედარებით კერძო თავისებურებებსაც იჩენს. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს აღმოსავლეთის ფასადზე გამოწეული სამი აფსიდი. ტაძარი უხვადაა შემკობილი არქიტექტურული დეკორით, მაგრამ მას არ გააჩნია ტრადიციული მოჩუქურთმება და სადადაა დარჩენილი რითაც ტაძარი გამოირჩევა მისი ჯგუფის სხვა ძეგლებისგან (სამთავისი- 1030წ., იკორთა - 1172წ. და სხვა.). იმის გამო რომ თითო-ოროლა დეტალი ჩუქურთმითაა შემკული, აღნიშნული ტაძარი ამ მხრივ დამთავრებული არ ყოფილა. განზრაქული ორნამენტული გაფორმება მან ვერ მიიღო.
     ღვთისმშობლის ტაძრის დღევანდელი შიგნითა მოხატულობა და წარწერები XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. შემორჩენილია ძველიც, XIV საუკუნის მხატვრობა. საკურთხევლის აფსიდის კონქში მოზაიკური მხატვრობაა, რომელიც შესრულებულია 1125-1130 წლებში.  საკურთხეველი მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის ფრესკებზე მოცემულია სცენები სახარების სიუჟეტებიდან და პორტრეტები მამამთავრებისა. საკურთხევლის ეს ფრესკული მხატვრობა ეკუთვნის  XVI  და  XVII  საუკუნეებს.
     საკურთხევლიდან სამკვეთლოში თაღიანი  დაბალი გასასვლელია. თაღზე, მარცხნივ გამოხატულია ქართული წარწერით გელათის პირველი ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე. ამავე თაღში მარჯვნივ, გამოსახულია ღვთისმშობელი იესოთი.
    გუმბათის ყელში, სარკმლებს შორის მოთავსებულ არეებზე გამოსახულია ებრაელთა მეფეები დავითი და სოლომონი.მათ ქვემოთ მოთავსებული ქართული წარწერებით ვგებულობთ, რომ ტაძრის ამ ნაწილის მხატვრობის შემსრულებელი ოსტატები ყოფილან სვიმონი და მისი მოწაფე თევდორე. გუმბათის შუბლზე მოთავსებული საღვთისმეტყველო წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე.
      ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრში თანმიყოლებით გამოხატული არიან ისტორიული პირები, რომელიც გელათის მონასტრის სხვადასხვა დროის მაშენებელ-განმაახლებელნი იყვნენ. მარჯვნიდან მარცხნივ პირველი დავით აღმაშენებელია, მის გვერდით დახატულია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონი (ევდემონ ჩხეტიძე). იგი მოღვაწეობდა 1557-1578 წლებში. მის  მომდევნოდ წარმოდგენილია მეფე ბაგრატ მესამე (1510-1565წწ.), მის გვერდით კი მისი მეუღლე ელენეა. მათ შემდეგ კი არის იმერეთის მეფე გიორგი ბაგრატის ძე (1565-1583წწ.).



  ღვთისმშობლის ეკლესიაში ჩრდილო და დასავლეთ მკლავებს შორის  არის იმერეთის მეფის სოლომონ პირველის(1751-1784წწ.) საფლავი ეპიტაპიურთ. წარწერა საკმაოდ გვიან პერიოდშია შესრულებული.
   სამხრეთის კედელთან,სალაროს წინ არის XIX საუკუნის მოღვაწის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ(გერასიმე) ქიქოძის საფლავი. საფლავის ქვაზე კუთხეებში დაკრულია ლითონის წარწერიანი ოვალური ფირფიტები. წარწერაში ვრცლადაა გადმოცემული დაბადების, მოღვაწეობისა და გარდაცვალების თარიღები.

                     გაბრიელ ქიქოძის საფლავი გელათში










                                                                       გელათი 

 ჩრდილოეთის მინაშენი. ჩრდილოეთის კედლის მთელ სიგრძეზე  ღვთისმშობლის ეკლესიას აკრავს ოთხგანყოფილებიანი მინაშენი. მინაშენის შუა განყოფილებაში არის დასავლეთ საქართველოს კათალიკოს ზაქარია ქვარიანის საფლავი.
    კარიბჭეში ჩრდილოეთის კარების თაღზე არის წარწერა, საიდანაც ვგებულობთ რომ გელათის მთავარეპისკოპოსს ანტონს მოუხატვინებია კარიბჭე იმერეთის მეფის გიორგის (1565-1584წწ.) დროს. ანტონ მაწყვერელს გელათის კათედრა ეკავა 1565 წლიდან, რადგან პოლიტიკური მდგომარეობის გართულების გამო მოუწია აწყურის (სამცხე-საათაბაგო) დატოვება და იმერეთში გადასულა.
   ჩრდილოეთის მინაშენის პირველ განყოფილებაში, მაცხოვრის სახელობის ეკვდერში  დასაფლავებული არიან მეფეები : გიორგი კონსტანტინეს ძე (1604-1639წწ), გიორგი ალექსანდრეს ძე (1683-1720წწ), როსტომ კონსტანტინეს ძე (XVIს. 90-იანი წლები), ალექსანდრე გიორგის ძე (1639-1660წწ).



                                                                       გელათი

   სამხრეთის მინაშენი. სამხრეთის ფასადის მთელ სიგრძეზე ღვთისმშობლის ეკლესიას მინაშენი გასდევს. მინაშენის შუა ნაწილი კარიბჭეა. კარიბჭის კედლები მოხატულია XIV საუკუნეში, საქართველოს მეფის ბაგრატის დროს.
   სამხრეთის მინაშენის მეორე ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობისაა, დიდი ხნის განმავლობაში გაუქმებული ყოფილა ისე რომ XVIII საუკუნეშიც არავინ იცოდა რომელი მეფის სასაფლაო იყო ან რომელი წმინდანის სახელწოდებას ატარებდა.  1730 წელს იმერეთის მეფეს ალექსანდრე გიორგის ძეს (1720-1751წწ.)  საკუთარ სასაფლაოდ განუახლებია ეს მივიწყებული ეკვდერი.  გელათის მონასტერში დაცული ზეპირი გადმოცემის მიხედვით თამარ მეფე (1184-1213წწ.) დასაფლავებულია ამ ეკვდერში. თამარის თანამედროვე ისტორიკოსებიც ერთხმად მიუთითებენ გელათში თამარის დასაფლავების შესახებ, მაგრამ საფლავის ადგილმდებარეობა მათ, როგორც ჩვეულებრიც, ნახსენები არ აქვთ.
 

გამოყენებული ლიტერატურა: ბ.ლომინაძე - გელათი. გამომცემლობა "ცოდნა" 1959წ.

No comments:

Post a Comment