Wednesday, April 18, 2012

გელათი - ღვთისმშობლის დიდი ტაძარი

    გელათის ღვთისმშობლის ეკლესია ჯვარულ-გუმბათოვანი ტიპისაა და ითვლება შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშად. იგი აღმართულია შუა ადგილას. აგებულია დავით აღმაშენებლის მიერ 1106-1125 წლებში. ტაძარი დღემდე უცვლელად არის მოღწეული.
    შუა საუკუნეების საეკლესიო არქიტექტურისთვის დამახასიათებელი იყო ჯვარულ-გუმბათოვანი ტიპები. მთავარი ყურადღება ექცეოდა ტაძრის სივრცეს. ზომების გადიდებით არქიტექტორი ცდილობდა შეექმნა გრანდიოზულობის შთაბეჭდილება. საგრძნობლად შემცირებული იყო გუმბათის ყელის დიამეტრი, სიმაღლე კი გადიდებული. მთავარ ამოცანად იდგა შენობის გარეთა გაფორმება. შენობის გარეთა კედლები უფრო მდიდრულად იყო შემკობილი. შიგნითა მოხატულობა კი მხოლოდ საკურთხევლის მოზაიკით არ ამოიწურებოდა, სავალდებულო იყო კედლის მთლიანად მოხატვა და სხვა.
 
                                                                   გელათი                  

    ამ საერთო თვისებების მატარებელია გელათის ღვთისმშობლის ტაძარი.   ტაძრის გუმბათის ყელი ოთხ საყრდენზეა აღმართული და გააჩნია თექვსმეტი სარკმელი. გელათის ტაძარი თავისი დროის ძეგლებთან შედარებით კერძო თავისებურებებსაც იჩენს. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს აღმოსავლეთის ფასადზე გამოწეული სამი აფსიდი. ტაძარი უხვადაა შემკობილი არქიტექტურული დეკორით, მაგრამ მას არ გააჩნია ტრადიციული მოჩუქურთმება და სადადაა დარჩენილი რითაც ტაძარი გამოირჩევა მისი ჯგუფის სხვა ძეგლებისგან (სამთავისი- 1030წ., იკორთა - 1172წ. და სხვა.). იმის გამო რომ თითო-ოროლა დეტალი ჩუქურთმითაა შემკული, აღნიშნული ტაძარი ამ მხრივ დამთავრებული არ ყოფილა. განზრაქული ორნამენტული გაფორმება მან ვერ მიიღო.
     ღვთისმშობლის ტაძრის დღევანდელი შიგნითა მოხატულობა და წარწერები XVI-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. შემორჩენილია ძველიც, XIV საუკუნის მხატვრობა. საკურთხევლის აფსიდის კონქში მოზაიკური მხატვრობაა, რომელიც შესრულებულია 1125-1130 წლებში.  საკურთხეველი მთლიანად მოხატულია. საკურთხევლის ფრესკებზე მოცემულია სცენები სახარების სიუჟეტებიდან და პორტრეტები მამამთავრებისა. საკურთხევლის ეს ფრესკული მხატვრობა ეკუთვნის  XVI  და  XVII  საუკუნეებს.
     საკურთხევლიდან სამკვეთლოში თაღიანი  დაბალი გასასვლელია. თაღზე, მარცხნივ გამოხატულია ქართული წარწერით გელათის პირველი ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე. ამავე თაღში მარჯვნივ, გამოსახულია ღვთისმშობელი იესოთი.
    გუმბათის ყელში, სარკმლებს შორის მოთავსებულ არეებზე გამოსახულია ებრაელთა მეფეები დავითი და სოლომონი.მათ ქვემოთ მოთავსებული ქართული წარწერებით ვგებულობთ, რომ ტაძრის ამ ნაწილის მხატვრობის შემსრულებელი ოსტატები ყოფილან სვიმონი და მისი მოწაფე თევდორე. გუმბათის შუბლზე მოთავსებული საღვთისმეტყველო წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე.
      ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრში თანმიყოლებით გამოხატული არიან ისტორიული პირები, რომელიც გელათის მონასტრის სხვადასხვა დროის მაშენებელ-განმაახლებელნი იყვნენ. მარჯვნიდან მარცხნივ პირველი დავით აღმაშენებელია, მის გვერდით დახატულია დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონი (ევდემონ ჩხეტიძე). იგი მოღვაწეობდა 1557-1578 წლებში. მის  მომდევნოდ წარმოდგენილია მეფე ბაგრატ მესამე (1510-1565წწ.), მის გვერდით კი მისი მეუღლე ელენეა. მათ შემდეგ კი არის იმერეთის მეფე გიორგი ბაგრატის ძე (1565-1583წწ.).



  ღვთისმშობლის ეკლესიაში ჩრდილო და დასავლეთ მკლავებს შორის  არის იმერეთის მეფის სოლომონ პირველის(1751-1784წწ.) საფლავი ეპიტაპიურთ. წარწერა საკმაოდ გვიან პერიოდშია შესრულებული.
   სამხრეთის კედელთან,სალაროს წინ არის XIX საუკუნის მოღვაწის, იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ(გერასიმე) ქიქოძის საფლავი. საფლავის ქვაზე კუთხეებში დაკრულია ლითონის წარწერიანი ოვალური ფირფიტები. წარწერაში ვრცლადაა გადმოცემული დაბადების, მოღვაწეობისა და გარდაცვალების თარიღები.

                     გაბრიელ ქიქოძის საფლავი გელათში










                                                                       გელათი 

 ჩრდილოეთის მინაშენი. ჩრდილოეთის კედლის მთელ სიგრძეზე  ღვთისმშობლის ეკლესიას აკრავს ოთხგანყოფილებიანი მინაშენი. მინაშენის შუა განყოფილებაში არის დასავლეთ საქართველოს კათალიკოს ზაქარია ქვარიანის საფლავი.
    კარიბჭეში ჩრდილოეთის კარების თაღზე არის წარწერა, საიდანაც ვგებულობთ რომ გელათის მთავარეპისკოპოსს ანტონს მოუხატვინებია კარიბჭე იმერეთის მეფის გიორგის (1565-1584წწ.) დროს. ანტონ მაწყვერელს გელათის კათედრა ეკავა 1565 წლიდან, რადგან პოლიტიკური მდგომარეობის გართულების გამო მოუწია აწყურის (სამცხე-საათაბაგო) დატოვება და იმერეთში გადასულა.
   ჩრდილოეთის მინაშენის პირველ განყოფილებაში, მაცხოვრის სახელობის ეკვდერში  დასაფლავებული არიან მეფეები : გიორგი კონსტანტინეს ძე (1604-1639წწ), გიორგი ალექსანდრეს ძე (1683-1720წწ), როსტომ კონსტანტინეს ძე (XVIს. 90-იანი წლები), ალექსანდრე გიორგის ძე (1639-1660წწ).



                                                                       გელათი

   სამხრეთის მინაშენი. სამხრეთის ფასადის მთელ სიგრძეზე ღვთისმშობლის ეკლესიას მინაშენი გასდევს. მინაშენის შუა ნაწილი კარიბჭეა. კარიბჭის კედლები მოხატულია XIV საუკუნეში, საქართველოს მეფის ბაგრატის დროს.
   სამხრეთის მინაშენის მეორე ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობისაა, დიდი ხნის განმავლობაში გაუქმებული ყოფილა ისე რომ XVIII საუკუნეშიც არავინ იცოდა რომელი მეფის სასაფლაო იყო ან რომელი წმინდანის სახელწოდებას ატარებდა.  1730 წელს იმერეთის მეფეს ალექსანდრე გიორგის ძეს (1720-1751წწ.)  საკუთარ სასაფლაოდ განუახლებია ეს მივიწყებული ეკვდერი.  გელათის მონასტერში დაცული ზეპირი გადმოცემის მიხედვით თამარ მეფე (1184-1213წწ.) დასაფლავებულია ამ ეკვდერში. თამარის თანამედროვე ისტორიკოსებიც ერთხმად მიუთითებენ გელათში თამარის დასაფლავების შესახებ, მაგრამ საფლავის ადგილმდებარეობა მათ, როგორც ჩვეულებრიც, ნახსენები არ აქვთ.
 

გამოყენებული ლიტერატურა: ბ.ლომინაძე - გელათი. გამომცემლობა "ცოდნა" 1959წ.

ბიბლიოგრაფია

1. როინ მეტრეველი - გელათი მეორე იერუსალიმი და ახალი ათინა. გამომცემლობა:  "არტანუჯი" . 2006წ.

2. ვახუშტი - აღწერა სამეფოის ქართლისა.
სტალინის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1941წ.

3. პარმენ ზაქარაია - ქართული ხუროთმოძღვრება . გამომცემლობა "განათლება". 1990წ.

4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.

5. ლომინაძე, ბაბილინა -გელათი. გამომცემლობა "ცოდნა". 1955წ.

6.ლომინაძე , ბ.გელათი : მეგზური
| 1959წ. გამომცემლობა "ცოდნა"

7. დენიზა სუმბაძე - დედა უფლისათვის ანუ გელათის აკადემია და ბერძნული ფილოსოფიის დასასრული(თბილ. უნ-ტის გმიხეილ- გელათის სახალხო აკადემია. თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1997.

8. ქუთაის-გელათის მუზეუმ-ნაკრძალი / [რევაზ ჯავახაძე]. - თბ. : ხელოვნება, 1987

9. ლეილა ხუსკივაძე- გელათის მოზაიკა

10. დავით ღამბაშიძე- გელათის მონასტერი და ცხოვრების აღწერილობა მეფის დავით III აღმაშენებელისა / შედგენილი დეკანოზის დავით ღამბაშიძისაგან. - გამოცემა მეორე. - Кутаисъ, 1893

11. სიმონ ყაუხჩიშვილი - გელათის აკადემია. წიგნის პალატის გამ-ბა, 1948 (სტალინის სახ. თბილისის სახელმწიფო უნ-ტის სტ.).

12. მ.გოგსაძე - ნარკვევები გელათის ძეგლის ისტორიიდან - წიგნის პალატის გამ-ბა, 1948, 

13. ვ.ჩაკვეტაძე - გელათის აკადემია : [არქიტექტურული ძეგლი] / საქ. სსრ პოლიტ. და მეცნ. ცოდნის გამავრც. საზ-ბა. - თბ., 1958

14.  ბააზოვი, გერცელ - გელათის ქუჩის დასასრული : [მოთხრობა]. - თბ. : საბჭ. მწერალი, 1961წ.

15. რ.მეფისაშვილი - გელათი : [შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი] / საქ. კულტურის ძეგლთა დაცვის საზ-ბა. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1965წ.

16. მამია ასათიანი - გელათის ქრონიკები : [ნარკვევების კრებული]. - თბ. :გამომცემლობა " ნაკადული " , 1968წ.

17. ზურაბ ლომიძე - გელათი : [შუა საუკუნეების მონასტერი. გზამკვლევი]. - თბ., 1968წ.

18. ბაგრატის ტაძარი, გელათის სამონასტრო ანსამბლი, გეგუთის სასახლე / ავტ.-შემდგ. ვ. ჭიაურელი ; საქართველოს სახ. საინფორმაციო სააგენტო. - თბ., 1975წ.

19. ევგენი დერლემენკო - გელათი : არქიტექტურა, მოზაიკა, ფრესკები : [ფოტოალბომი / ავტ.: ევგენი დერლემენკო, ედუარდ გიგილაშვილი]. - თბ. : გამომცემლობა "ხელოვნება", 1982წ.

20. ლევან ტყეშელაშვილი - გელათი "მეორე იერუსალიმი სხვა ათინა" ; - ქუთაისი : გელათის სასულიერო აკადემია, 2007წ. 

21. "გელათი 2010"-"ახალი მსოფლიო და ჩვენ", ახალაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია (2010; გელათი) - ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია.

22. დამანა მელიქიშვილი - გელათი-"სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი" : გელათი - თბ., 2006წ.

Tuesday, April 17, 2012

გელათი - ძეგლის აღწერა

წყაროგელათის ტაძარი
      გელათის არქიტექტურული ანსამბლი რთულია და მრავალფეროვანი. მრავალი თაობის ხუროთმოძღვართა მიერ შექმნილ გელათის ნაგებობებს ანსამბლურობა ახასიათებს. გელათის მთავარ ნაგებობებს დიდი ცვლილება არ განუცდია ჟამთასვლისაგან და თამამად შეიძლება ითქვას რომ გელათის ანსამბლი, დაცულობის მხრივ, საქართველოს ტერიტორაზე ერთადერთია. ანსამბლის მთავარ ნაგებობას - ღვთისმშობლის ტაძარი, ქართული ძეგლების იმ მცირე რიცხვს ეკუთვნის, რომელთა ამგების ღვაწლიც ისტორიას  არ დაუკარგავს.
    მემატიანე წერს თუ როგორ ააყვავა ეს სამოთხის მსგავსი ადგილი მეფემ (დავით IV), და აღმოსავლეთის "მეორე იერუსალიმში" როგორ მოუყარეს თავი საქართველოსა და უცხოეთში მყოფ ქართველ მოღვაწეებს, მეცნიერებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მათ შორის იყო ბრწყინვალე ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი. ყველა ეს პიროვნება მოღვაწეობდა სწორედ გელათის აკადემიაში. ამასთან ერთად ისიცაა აღსანიშნავი, რომ, გელათი ხდება მეფეთა სამარხავი. აქ მიაბარეს მიწას დიდი დავითი, მისი შვილი დემეტრე, გიორგი მესამე და სხვა მრავალი.
   გელათი მომდევნო საუკუნეებშიც წამყვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ამავე დროს შეიძლება თამამად ითქვას რომ გელათი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი განძსაცავი. აქ ბევრი ორიგინალური ნაწარმოები შექმნილა. მის კედლებს არაერთი ხელნაწერი და ოქრომჭედლობის ნიმუში შეუფარებია და დაღუპვას გადაურჩენია.


გამოყენებული ლიტერატურა: პარმენ ზაქარაია- ქართული ხუროთმოძღვრება. გამომცემლობა "განათლება". 1990წ.

ცნობები გელათზე..

  ცნობებს გელათის ტაძარზე ასევე ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილის(ბაგრატიონის) წიგნში "აღწერაი სამეფოის ქართლისა" და წარმოგიდგენთ წყაროს ამავე წიგნიდან.

  " წყალწითელას აღმოსავლეთით არს ეკლესია ყოვლად-წმიდის ღვთისმშობლისა, დიდ-შვენიერი, დიდნაგები და ქმნული შიგნით სოფიის კენჭითა, გუმბათიანი, კეთილ-შვენიერს ადგილსა. აღაშენა აღმაშენებელმან დავით მეფემან და უწოდა სასუფეველს   გ ე ნ ა თ ი,   და აწ უწოდებენ გელათს. აქა არს ყოვლად-წმიდის ხატი ხახულის ხვთისმშობელი, ლუკა მახარებლის დახატული, შემკული ძვირფასითა ქვებითა აღმაშენებელისა და თამარ მეფისათი. აქავ არს ვარძიის ჯვარი, შემკული, დიდი ფრიად. და არიან ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლითა და ქვითა შემკულნი ძველითვე მრავალნი, და ეკლესია შემკული ყოვლითა საეკლესიო წესითა. ჰკიდავს ზღუდის კარი ბჭესა მისსა, რკინისა, აღმაშენებელის მოტანილი დარუბანდიდამ. და ეკლესიის ბჭეს ჰკიდავს კარი მთლად ერთის ვაზისგან გამოთლილი, უცხოსა ხელოვნებით ქანდაკებული. ამასა შინა დაფლულ არიან აღმაშენებელი, გიორგი, თამარ, ლაშა, რუსუდან და სხვანიცა და აწინდელნი მეფენი შემდგომად განყოფისა იფლვიან იმერთანი. პირველად იყო მონასტერი, შემდგომად ჰყო ბაგრატ საეპისკოპოზოდ. ამას მისცა სამწყსოდ არგვეთის ნახევარი და ოკრიბა, ქუთათლის სამწყსონი".

ვირტუალური მოგზაურობა გელათში :)













ეს ვიდეოები  მოგცემთ საშუალებას დაათვალიეროთ გელათის მონასტერი (ვირტუალურად)

Monday, April 16, 2012

გელათის ისტორია

       გელათის სამონასტრო მშენებლობა 1106 წელს დაიწყო. დავიტ მეფე 1125 წელს გარდაცვალა როცა მშენებლობის დასრულებას თითქმის აღარაფერი აკლდა. მან თავის მემკვიდრეებს უანდერძა მისი დასრულება.    " დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა და წამყვა მისთვისაც ტკივილი სამარადისო. აწ შვილმან ჩემმან მეფემან დიმიტრიმ სრულ ჰყოს ყოვლითურთ'' - წერს დავითი თავის ანდერძში.  1126 წელს  მონასტრის მშენებლობა  დაამთავრა დემეტრემ. მან ღვთისმშობლის ტაძარი მხატვრულად გააფორმებინა და აკურთხებინა.
     XII-XIII საუკუნეებში გელათი ეკონომიურად და საგანმანათლებლო შემოქმედებითი ნაყოფიერებით განვითარების უმაღლეს დონეს აღწევს.
     XV საუკუნეში გელათში მატერიალური თუ კულტურული ცხოვრება ქვეყნის საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური დაცემულობის გამო შენელებულია. როგორც ცნობილია ამ ხანაში საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე ცვლილებები მოხდა - 1453 წელს თურქ-ოსმალებმა აიღეს ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი და გაანადგურეს უძველესი იმპერია. ამის შემდეგ საქართველოს, კულტურული ტრადიციების მქონე ბიზანტიის ნაცვლად, ჩამორჩენილი ოსმალეთი დაუმეზობლდა. ამან უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე. XV საუკუნეში საქართველო ცალკე პოლიტიკურ ერთეულებად დაიშალა და გელათი იმერეთის მეფეების საკუთრებად იქცა.
     1510 წელს სამცხეზე გავლით ოსმალთა დიდი ჯარი სელიმის მეთაურობით დასავლეთ საქართველოს შემოესია. 23 ნოემბერს მტერმა მოაოხრა სოფლები და ქალაქი ქუთაისი, ცეცხლი წაუკიდა შესანიშნავ ბაგრატის ტაძარს და გელათს.
     იმერეთის მეფეს ბაგრატ  III ( 1510-1565 წწ).  ამ ამბოხების გამო ფართო მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა გელათში. მონასტრის ნაგებობათა შორის აღდგენილ იქნა კარგა ხნის გაუქმებული  წმ.გიორგის ეკლესია. მეფეს ასევე განუახლებია  მონასტრის ახლომდებარე მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე საფუძვლამდე ყოფილა დანგრეული  (ამჟამად მისი ადგილმდებარეობა უცნობია).  ყოველივე ამ საქმიანობათა გამო ძველი წყაროები ბაგრატს გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებენ.  XVI საუკუნის 20-იან წლებში ამავე ბაგრატს დაუარსებია გელათში საეპოსკოპოსო კათედრა.
    XVI საუკუნის მეორე ნახევარში ბიჭვინთიდან(აფხაზეთი) გელათში ინაცვლებს დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენცია. კათალიკოსის აქეთ წამოსვლა გამოწვეული იყო ოსმალთა ხშირი შემოსევებით აფხაზეთში და ამ მხარის თანდათანობით გამუსლიმებით.
     XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს კათალიკოსებს გელათის წმ.გიორგის  ეკლესიასა და ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენში ასაფლავებდნენ.
     XVII საუკუნის შუა წლებში, 1650-1651 წელს გელათის აკადემია უკვე აღარ არსებობდა.აკადემიის ყოფილ შენობაში  ბერების სასადილო იყო მოწყობილი.
    XVII საუკუნის მეორე ნახევარში გელათი დაქვეითებულა, რაც გამოწვეული იყო დასავლეთ საქართველოში ცენტრალური სამეფო ხელისუფლების დასუსტებით, გარეშე მტრის - ოსმალეთის ხშირი შემოსევით და ა.შ.
    XVIII საუკუნეში ინტენსიურად მიმდინარეობს გელათის განახლება, ძველი გაუქმებული ეკვდრები ახალ მეფეთა საძვალეებად გადაიქცნენ. ხდება ძველი დაკარგული ყმა-მამულების  დაბრუნება, ახალი შეწირვანი და ა.შ.
    1759 წლის 10 აგვისტოს გელათს ლეკები დასხმიან და ცეცხლი წაუკიდებიათ ტაძრისთვის.
    სოლომონ I  (1751-1784 წწ.) ენერგიულად ზრუნავდა გელათის მეურნეობის აღსადგენად.
    იმერეთის უკანასკნელ მეფეს სოლომონ II  (1784-1810 წწ.) და გელათის უკანასკნელ ეპისკოპოსს ექვთიმეს აღუდგენიათ წმ. ნიკოლოზის გაუქმებული ეკლესია.
    რუსეთთან იმერეთის შეერთების (1810წწ.) შემდეგ გელათის მონასტერი ფეოდალური სენიორიიდან საეკლესიო შტატის დაწესებულებად იქცა. რუსი ეგზარხოსის - თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმების ძალით, გელათის საეპისკოპოსო გაუქმდა და იმერეთის საეპისკოპოსოს შეუერთდა (1822წწ.).
 
გამოყენებული ლიტერატურა: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.

გელათის მონასტრის დაარსების ამბავი

                                       დავით აღმაშენებელი გელათის ეკლესიით ხელში

  საქართველოს მეფეს დავითს  (1089-1125 წწ). მონასტრის ასაშენებლად საგანგებოდ შეურჩევია ლამაზი ბუნებრივი მდებარეობის ადგილი, სადაც ღვთისმშობლის სახელობის დიდი ტაძარი აუგია. ახლად აშენებული გელათის მონასტრისათვის მასვე შეუდგენია გელათის სამონასტრო შტატი. გელათის ამშენებელს იმთავითვე ფართო მიზნები ჰქონდა დასახული: გელათი მხოლოდ საბერმონაზვნო წირვა-ლოცვის შემსრულებელი დაწესებულება კი არ უნდა ყოფილიყო, იგი მწიგნობრულ-სამეცნიერო მოღვაწეობისა და უმაღლესი განათლების კერადაც უნდა ქცეულიყო, რის გამოც საგანგებოდ მოუწვევია სასულიერო და საერო განათლების მქონე სწავლული პირები.
    გელათმა ბრწინვალედ გაამართლა მისი დამაარსებლის ეს მიზანი. ჯერ კიდევ დავითის მეფობის ხანაში, გელათი ქართული კულტურის თვალსაჩინო ცენტრი გახდა . საერო ფილოსოფიური მეცნიერების განვითარების დონით თანამედროვენი გელათს '' მეორე ათენს'' უწოდებდნენ, საეკლესიო სასულიერო მოღვაწეობისა და განათლების მიხედვით კი  '' მეორე იერუსალიმად'' მიაჩნდათ.
    გელათის დაარსება, როგორც ფართო დანიშნულების მქონდე დაწესებულებისა, სრულიად არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა ან დავით მეფის უბრალო სურვილის შედეგი. ეს ღონისძიება ბუნებრივად შეეფერებოდა საქართველოს იმდროინდელ პოლიტიკურ და სამეურნეო-კულტურული განვითარების მაღალ დონეს.

 გამოყენებული ლიტერატურა: ბ.ლომინაძე - გელათი. გამომცემლობა "ცოდნა". 1959წ.