Wednesday, April 18, 2012

გელათი - წმინდა გიორგის ეკლესია

                                            გელათი - წმინდა გიორგის ტაძარი

    ღვთისმშობლის ეკლესიის აღმოსავლეთით დგას წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც აშენებულია XIII საუკუნეში. წმ. გიორგის ეკლესიას დასავლეთით აქვს გრძელი მინაშენი. ეკლესია ჯვრის ფორმისაა, ცენტრალურ გუმბათოვანი. აქვს რვა სარკმელი. კედლები მოხატულია უმთავრესად მუქ ლურჯ ფონზე.
  წმ. გიორგის ეკლესიის კედლის მხატვრობა გვიანფეოდალური ხანის მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. მხატვრობის ერთი ნაწილი შესრულებულია XVI საუკუნეში, დასავლეთ საქართველოს კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის შეკვეთით, რასაც ამავე ეკლესიის გუმბათის შუბლზე დასავლეთით მოთავსებული წარწერა გვამცნობს. ეს ევდემონი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დახატულია ღვთისმშობლის ეკლესიაშიც. იგი დასაფლავებულია ამავე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიში. 1651 წელს მისი საფლავი ეპიტაფიურთ უნახავთ რუს ელჩებს - ტოლოჩანოვსა და იევლევს. ამჟამად ევდემონის საფლავი ცნობილი არაა. ევდემონი პირველი კათალიკოსია, რომელიც გელათში იქნა დასაფლავებული. მის შემდეგ ყველა კათალიკოსი გელათში იმარხებოდა. ეს ფაქტი უკავშირდება გელათში საკათალიკოსო რეზიდენციის გადმოტანას, რომელიც სწორედ მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.
   საკმაოდ გვიან წმ. გიორგის ტაძრისთვის დასავლეთის მხრიდან გრძელი ნაგებობა მიუშენებიათ. ამ მინაშენში მოხვედრილია წმ. გიორგის ეკლესიის ერთადერთი კარი, რომელიც ორივე მხარეზე გაფორმებულია მოჩუქურთმებული სვეტებით.
   დასავლეთის ეს მინაშენი სამგანყოფილებიანია. გარედან, მინაშენის სარკმლის ჩარჩოში ჩასმულია შეფერადებული ქვის ბარელიეფი წმ. გიორგის გამოსახულებით. ამოკვეთილია წარწერა : " წმიდა გიორგი" და " წმიდაო გიორგი მეოხ მეყავ მსასოებელსა ბერსა შენსა იოანე ბერსა ბახტაძეს". უნდა ვიგულისხმოთ, რომ აქ მოხსენებული იოანე ბახტაძე ამ ნაკეთობის შემსრულებელია.


გამოყენებული ლიტერატურა: ბ.ლომინაძე - გელათი. გამომცემლობა "ცონდა" 1959წ.

No comments:

Post a Comment