Wednesday, April 18, 2012

მეფე - დავით აღმაშენებლის საფლავი

 სრულიად საქართველოს მეფეების სამარხთა შორის გელათში დღესდღეობით ცნობილია დავით აღმაშენებლის საფლავის ადგილი. დავითი დასაფლავებულია ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთით. სასაფლაო წარმოადგენს ცალკე ნაგებობას (მცირე ეკლესიას), რომელიც მონასტრის ჭიშკარიც ყოფილა, საფლავის ქვას იმგვარი მდებარეობა აქვს, რომ ჭიშკარში შემსვლელი უთუოდ მასზე გადაივლის. ხალხური გადმოცემით, ასეთი ადგილი თითქოს განგებ აირჩია დავითმა თავმდაბლობის გამოსახატავად. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია ფსალმუნის სიტყვები: " ქრისტე, ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, (რამეთუ მთნავს ესე), ამასა დავემკვიდრო მე."
  ნაგებობა გრძელია და ერთმანეთის მოპირდაპირედ აქვს თაღიანი ორი ფართო შემოსასვლელი. სამხრეთით, სოფლიდან შემოსასვლელი ამჟამად ამოშენებულია და ასე ყოფილა მეცხრამეტე საუკუნის 40-იან წლებშიც. ჭიშკარზე აბმული იყო რკინის კარები, რომელიც მეფე დემეტრე პირველს, დავით აღმაშენებლის შვილს, 1138-1139 წელს ქ. განძის აღების შემდეგ ქალაქისთვის მოუხსნია და აქ მოუტანია როგორც ნადავლი.

მეფე დავით აღმაშენებლის საფლავი

კარზე შემორჩენილია ამ ამბის მაუწყებელი ქართული წარწერა. ამჟამად განძის კარებიდან გადარჩენილია მხოლოდ ცალი კარი, რომელზედაც ამოჭედილია შემკვეთისა და გამკეთებელი ოსტატის ვინაობის, აგრეთვე თარიღის (1063წ.) აღმნიშვნელი არაბული წარწერა. მეორე ცალი კარი, მეთვრამეტე საუკუნეში სალურსმნე მასალად გამოუყენებიათ, მისგან დარჩენილია მხოლოდ წარწერიანი დაზიანებული ფურცლები.



გამოყენებული ლიტერატურა: ბ.ლომინაძე - გელათი. გამომცემლობა "ცოდნა" 1959წ.

გელათი - სამრეკლო


სამრეკლო სამსართულიანია. პირველი სართული თაღოვანი ღია ნაგებობაა, სადაც მილით შემოყვანილია წყაროს წყალი. მეორე სართული პატარა ოთახს წარმოადგენს ბუხრითა და ორი სარკმლით. მრგვალ და გუმბათოვან მესამე სართულზე მოთავსებულია ზარები.
ძველი აღწერილობით, სამრეკლოს ქვეშ ყოფილა ჭა, რომელშიც წყაროს წყალი გროვდებოდა. ჭიდან მილი გამოდიოდა, ხოლო მილის ქვეშ თითო საჟენზე მეტი სიგრძის სამი ქვის ოთკუთხა ყუთი მდგარა, რომელშიც მიედინეობდა წყალი. წყაროს წყალი მიწისქვეშა მილებით შეყვანილი ყოფილა ბერების სამყოფელოში და სამეურნეო დანიშნულების ყველა შენობაში.


(სამწუხაროდ სამრეკლოს სურათები მეტი არ იყო, ამიტომ თუ გსურთ უფრო მკაფიო წარმოდგენა შეგექმნათ ამ სამრეკლოში არსებული წყაროს შესახებ, და ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ  სხვადასხვა ეკლესიებზე  გახსენით ეს ლინკი:  


 



გამოყენებული ლიტერატურა: ბ.ლომინაძე - "გელათი". გამომცემლობა "ცოდნა". 1959წ.

გელათი - წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

                                                        გელათი - წმინდა ნიკოლოზის ეკლესია      
                                                       
    გელათის ძეგლთა შორის ეს ეკლესია ყველაზე ახალია, მაგრამ მისი აშენების თარიღი უცნობია. იგი ორიგინალურია იმ მხრივ, რომ თაღოვან სვეტებზე დგას. ძველი წყაროები მას "ოთხსვეტოვანნ ეკლესიას " უწოდებენ. ეკლესიას ჩრდილოეთიდან ასასვლელი მაღალი ვიწრო კიბე აქვს.

                                                                გელათი

    საბუთები მიუთითებენ, რომ ნიკოლოზის ეკლესია მეფეებს უბოძებიათ ქსნის ერისთავისთვის სასაფლაოდ.
  1650 წელს, როცა გელათი რუს ელჩებს ტოლოჩანოვსა და იევლევს მოუნახულებიათ, წმ. ნიკოლოზის ეკლესია ცარიელი და გაუქმებული ყოფილა.
  წმ. ნიკოლოზის განახლება უცდია ჯერ იოსებ კათალიკოსს (1769-1776წწ.) , ხოლო 1787 წელს საფუძვლიანად განუახლებია ექვთიმე მიტროპოლიტს. ამ წლიდან წმ. ნიკოლოზის ეკლესია ისევ ქსნის ერისთავთა გვარის ერთ-ერთი ოჯახის სასაფლაოდ ითვლება.


 გამოყენებული ლიტერატურა:  ბ.ლომინაძე- გელათი. გამომცემლობა: "ცოდნა" 1959წ.

გელათი - წმინდა გიორგის ეკლესია

                                            გელათი - წმინდა გიორგის ტაძარი

    ღვთისმშობლის ეკლესიის აღმოსავლეთით დგას წმ. გიორგის ეკლესია, რომელიც აშენებულია XIII საუკუნეში. წმ. გიორგის ეკლესიას დასავლეთით აქვს გრძელი მინაშენი. ეკლესია ჯვრის ფორმისაა, ცენტრალურ გუმბათოვანი. აქვს რვა სარკმელი. კედლები მოხატულია უმთავრესად მუქ ლურჯ ფონზე.
  წმ. გიორგის ეკლესიის კედლის მხატვრობა გვიანფეოდალური ხანის მონუმენტური ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება. მხატვრობის ერთი ნაწილი შესრულებულია XVI საუკუნეში, დასავლეთ საქართველოს კათალიკოს ევდემონ ჩხეტიძის შეკვეთით, რასაც ამავე ეკლესიის გუმბათის შუბლზე დასავლეთით მოთავსებული წარწერა გვამცნობს. ეს ევდემონი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დახატულია ღვთისმშობლის ეკლესიაშიც. იგი დასაფლავებულია ამავე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიში. 1651 წელს მისი საფლავი ეპიტაფიურთ უნახავთ რუს ელჩებს - ტოლოჩანოვსა და იევლევს. ამჟამად ევდემონის საფლავი ცნობილი არაა. ევდემონი პირველი კათალიკოსია, რომელიც გელათში იქნა დასაფლავებული. მის შემდეგ ყველა კათალიკოსი გელათში იმარხებოდა. ეს ფაქტი უკავშირდება გელათში საკათალიკოსო რეზიდენციის გადმოტანას, რომელიც სწორედ მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა.
   საკმაოდ გვიან წმ. გიორგის ტაძრისთვის დასავლეთის მხრიდან გრძელი ნაგებობა მიუშენებიათ. ამ მინაშენში მოხვედრილია წმ. გიორგის ეკლესიის ერთადერთი კარი, რომელიც ორივე მხარეზე გაფორმებულია მოჩუქურთმებული სვეტებით.
   დასავლეთის ეს მინაშენი სამგანყოფილებიანია. გარედან, მინაშენის სარკმლის ჩარჩოში ჩასმულია შეფერადებული ქვის ბარელიეფი წმ. გიორგის გამოსახულებით. ამოკვეთილია წარწერა : " წმიდა გიორგი" და " წმიდაო გიორგი მეოხ მეყავ მსასოებელსა ბერსა შენსა იოანე ბერსა ბახტაძეს". უნდა ვიგულისხმოთ, რომ აქ მოხსენებული იოანე ბახტაძე ამ ნაკეთობის შემსრულებელია.


გამოყენებული ლიტერატურა: ბ.ლომინაძე - გელათი. გამომცემლობა "ცონდა" 1959წ.

გელათის ტაძარი

                                                        გელათის სამშვერილი აფსიდი                                   


                                                           გელათის ტაძარი

    გელათის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც მდებარეობს  ქალაქ ქუთაისის ჩრდილო აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს). შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.  გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობებია : ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი,  წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, სამრეკლო, აკადემია, გალავანი.

გამოყენებული ლიტერატურა 

გელათის მოზაიკა

       გელათის ღვთისმშობლის ტაძრის, საკურთხევლის აფსიდის კონქში, მოზაიკური მხატვრობაა, რომელიც შესრულებულია 1125-1130 წლებში. საკურთხევლის აფსიდის კონქის შემკობა მოზაიკით ჯერ კიდევ ძველი მოვლენაა (მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი და წრომი. VIIს.).  საკურთხევლის მოზაიკა შესრულებულია დავით აღმაშენებლის ანდერძით, მისი შვილის დემეტრე მეფის დაკვეთით, 1125-1130 წლებში.


                                           გელათის, მარიამ ღვთისმშობლის მოზაიკა

                                                         გელათის მოზაიკა

   კონქის ცენტრში მოზაიკით ოქროსფერ ფონზე წარმოდგენილია მდგომი ღვთისმშობელი ყრმა იესო ქრისტეთი ხელში, აქეთ-იქით მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი. მოზაიკა საერთოდ კარგად არის მოღწეული, მაგრამ მოზაიკის მხატვრობის ქვედა ნაწილი ჩამოწვენილია, რომელიც XVI საუკუნეში ფრესკით შეუვსიათ.
   ღვთისმშობლის ფიგურა ყრმა იესოთი, რომელსაც მთელ კომპოზიციაში ცენტრალური ადგილი უჭირავს, ოდნავ მობრუნებულია მარჯვნივ და ერთგვარად ბუნებრივი მოძრაობით ხასიათდება. აქ პირველადაა დარღვეული საზეიმო მონუმენტალობა  და მოზაიკის მხატვრობაში დინამიკურობაა მიღწეული.
   გელათის მოზაიკის კომპოზიცია მხატვრული გადაწყვეტით წმინდა ქართული შემოქმედებაა, რომელსაც პარალელი იმ დროის მსოფლიო ხელოვნებაში არ მოეძებნება. ამგვარი გადაწყვეტა ახალი მოვლენაა.
    ბიზანტიურ ხელოვნებაში, როგორც წესი, ღვთისმშობელი გადმოცემულია ფრონტალურად, მკაცრი რელიგიურ-დოგმატური გაგებით. გელათის საკურთხევლის მოზაიკაში კი, ღვთისმშობლის მარჯვნინვ მობრუნებით, პირველად და გაბედულად დარღვეულია ეს ბიზანტიური ტრადიცია.
    გელათის საკურთხევლის მოზაიკის ღვთისმშობლის პირისახის ნაკვთები საგრძნობლად განსხვავებულია ბიზანტიური ძეგლების ასეთივე საკურთხევლის ღვთისმშობლისაგან.



   გელათის ქართულ ღვთისმშობელს საგრძნობლად მოგრძო პირისახე აქვს, თვალის ჭრილი გრძელი, თხელი ცხვირი თითქოს მოღუნული, გამოყვანილი ტუჩები. მარიამი ქართველი ქალის ნაციონალურ ნიშნებს ატარებს.
გელათის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკა







           ბიზანტიურ მოზაიკაში, თითქმის ყველა დროის ძეგლში, ღვთისმშობელს აქვს ერთნაირი დამახასიათებელი პირისახე. ოვალური სახის მოყვანილობა, გრძელი, ოდნავ მოღუნული ცხვირი და ა.შ.
ბიზანტიური მარიამ ღვთისმშობლის ხატი


   ქართველი ხელოვანის მიერ შესრულებული გელათის მოზაიკა სრულიად ორიგინალური მხატვრული ძეგლია. აქვე აღსანიშნავია, რომ გელათის მოზაიკაში კენჭების წყობა უფრო მჭიდროა, ვიდრე კონსტანტინოპოლის ცნობილი სოფიის ტაძარში.  ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრული გაფორმება შესანიშნავია იმითაც, რომ მოზაიკისთან შერწყმულია ფრესკაც, ხოლო ასეთი ერთიანობა არ იცის ბიზანტიურმა მხედველობამ.


გამოყენებული ლიტერატურა: ბ.ლომინაძე - გელათი. გამომცემლობა "ცოდნა". 1959 წ.